სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ბინადრობის უფლების მინიჭებაზე უარი უთხრა გერმანიის მოქალაქე გელა მეგრელიძეს, რომელიც პოლიციამ 1 დეკემბერს პროევროპულ დემონსტრაციაზე დააკავა, სცემა და პირადი ნივთები, მათ შორის ძვირადღირებული კამერა და ტელეფონი წაართვა. ბინადრობის უფლებაზე უარის მიზეზად დასახელებულია სახელმწიფო ინტერესებთან მისი საქართველოში ყოფნის შეუთავსებლობა და საფრთხე, რომელსაც ის უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას/საზოგადოებრივ წესრიგს. ეჭვი იმაზე, რომ აქციაზე დაკავება შესაძლოა ქვეყნიდან მისი გაძევების საფუძველი გამხდარიყო, გელა მეგრელიძეს ჯერ კიდევ 5 დეკემბერს გაუჩნდა, როცა ემიგრაციის სამსახურიდან დაჟინებით ურეკავდნენ და იქ მისვლას სთხოვდნენ. ამ დროს მას უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ საქართველოდან აძევებდნენ აქ მცხოვრებ და აქციაზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. იგი ემიგრაციის სამსახურში არ მივიდა. გელასთვის ბინადრობის ნებართვაზე უარი წინ უსწრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ის აქციაზე სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და 2000 ლარით დაჯარიმდა. გელა აქციაზე 1 დეკემბერს დააკავეს და როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, პატიმრობის გარეშე, ხელწერილით გაათავისუფლეს. იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულმა სერვისების განვითარების სააგენტომ მისთვის ბინადრობის ნებართვაზე უარის გადაწყვეტილება 5 დეკემბერს მიიღო, სასამართლომ კი მხოლოდ 12 დეკემბერს იმსჯელა მის სამართალდარღვევაზე. "ვიღაცამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე სამართალდამრღვევი ვარ მანამდე, სანამ ეს სასამართლომ გაარკვია; სასამართლომაც ეს გადაწყვეტილება მიიღო პოლიციელ ალექსი სადაღაშვილის ცრუ ჩვენების საფუძველზე, რომელიც ცრუ ჩვენებას სასამართლოში სიცილ-კისკისით აძლევდა. არ ვამეტებ, მართლა ასე იყო. მეორე მოწმეც მყავდა, ასევე პოლიციელი გიორგი ყაველაშვილი. ჩემი დაკავება მოხდა სხვაგან, ვიდრე ბრალდებაში ეწერა და არც ვინმესთვის მიგინებია, არც პოლიციის კორდონის გარღვევას ვცდილობდი, როგორც ამას მაბრალებდნენ", - ამბობს გელა, რომელიც ცალსახად აქციებში მონაწილეობას უკავშირებს უარს ბინადრობის ნებართვაზე. გელა ამბობს, რომ მისი დაკავების ოქმი არის შაბლონური და საერთოდ არ ასახავს მისი დაკავების რეალურ გარემოებებს, შეცვლილია დრო და ადგილიც - გელა პარლამენტთან ფოტოების გადაღებისას დააკავეს და ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ კამერა, რომელიც პოლიციამ წაართვა. ფოტოგრაფმა გელა მეგრელიძემ გერმანიის მოქალაქეობა დაახლოებით 20 წლის წინათ მიიღო, თუმცა პანდემიის შემდეგ ის თითქმის სულ საქართველოშია. საქართველოში ბინადრობის ნებართვაზე უარის გადაწყვეტილება მისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, როცა უკვე გასული იყო გასაჩივრებისთვის განკუთვნილი ერთთვიანი ვადა. ასევე ნახეთ "აქციაზე დაკავებიდან მე...