ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორ-სამ დღეში ლუკაშენკასთან გამართული სატელეფონო საუბარი გაიხსენა ამერიკელი ინტერვიუერის, ლექს ფრიდმანის პოდკასტში, რომელსაც 5 იანვარს სამსაათიანი ინტერვიუ მისცა. ზელენსკის თანახმად, ლუკაშენკამ უთხრა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან რაკეტები პუტინმა ისროლა, თავად კი ვერაფერს აკონტროლებს. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ლუკაშენკას უპასუხა, რომ ისიც მკვლელია და მაშინ, როცა უკრაინას და ბელარუსს ერთმანეთთან არასდროს უომიათ, როგორ დაუშვა თავისი მიწიდან უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმა. ზელენსკის მტკიცებით, ლუკაშენკამ შესთავაზა, რომ პასუხად დაერტყათ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოზირის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის. „მე მას ვუთხარი, რაზე ლაპარაკობ, რა პასუხი?“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მისი ინფორმაციით, ლუკაშენკასთან ამ სატელეფონო საუბრის მოწმეებიც ჰყავს. ასევე ნახეთ კიევმა კონსულტაციისთვის მინსკიდან ელჩი გამოიძახა 2022 წლის თებერვლის ბოლოდან, უკრაინაში რუსეთის სახმელეთო ძალების ფართომასშტაბიან შეჭრასთან ერთად, რუსეთმა უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო შეტევა დაიწყო ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ამის გამო უკრაინული საზოგადოების ნაწილი მოითხოვდა, რომ კიევს მინსკთან დიპლომატიური ურთიერთობები შეეწყვიტა. ასევე ნახეთ კულება განმარტავს, რატომ არ წყვეტს უკრაინა ბელარუსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ...