ჰაკერების ჯგუფმა, რომლის სპონსორიც ჩინეთის მთავრობაა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ხაზინის(ფინანსთა სამინისტროს) კომპიუტერულ სისტემაში შეაღწია. ამის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის „ამერიკის ხმა“ და სააგენტოები Reuters-ი და AFP იუწყებიან ფინანსთა სამინისტროში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. შეტყობინება ჰაკერების ჯგუფის, Advanced Persistent Threat-ის(APT) მიერ განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 8 დეკემბერს მიიღო. ჰაკერებმა ხაზინის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის კომპანია BeyondTrust-ის სისტემაში შეღწევით შეძლეს ფინანსთა სამინისტროს სამუშაო კომპიუტერებსა და არასაიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის მოპოვება. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ინციდენტის შესახებ კონგრესს აცნობა და თანამშრომლობა დაიწყო კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოსა და ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან. ფინანსთა სამინისტრო ნებისმიერ კიბერშეტევას, რომელიც ჯგუფ APT-ს უკავშირდება, სერიოზულ ინციდენტად განიხილავს. კიბერშეტევასთან პეკინის კავშირს ცილისწამება უწოდეს ვაშინგტონში, ჩინეთის საელჩოში. ასევე ნახეთ უცხოელმა ჰაკერებმა აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის ელექტრონულ ფოსტაში შეაღწიეს ასევე ნახეთ აშშ ირანს აკისრებს პასუხისმგებლობას ტრამპის და ჰარისის შტაბებზე კიბერთავდასხმის გამო ...