"ეს ამოცანა შესრულებულია", - ირწმუნება კობახიძე და მადლობას უხდის პოლიციას. "ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, მძიმე განვითარება არ მოჰყოლოდა ამ ყველაფერს და პირველ რიგში, ეს იყო მსხვერპლის თავიდან აცილება... ეს არის შსს-ს დამსახურება, თითოეული პოლიციელის ხელმძღვანელობის დამსახურება... მეორე იყო, თუნდაც, ისეთი შედეგის თავიდან აცილება, რაც ცალკეული ადამიანის ჯანმრთელობას დაატყობდა კვალს. გახსოვთ, როგორ დასრულდა საქართველოში 2011 წლის შეკრების დარბევა - 4 კაცი მოკლეს მშვიდობიან შეკრებაზე. ასევე, მინდა შეგახსენოთ ["ქართული ოცნების" ხელისუფლების ყოფილი პრემიერის] გიორგი გახარიას "გმირობა" 2019 წელს, როდესაც 7 ადამიანს დარჩა მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე, მათ შორის ორმა დაკარგა თვალი", - თქვა კობახიძემ და აღნიშნა, რომ აქციის დარბევის დროს "იყო ცალკეული გადაცდომები, მათ შორის, მძიმე ინციდენტები", რაც "ძალიან უსიამოვნო იყო". "ამაზე გამოძიება მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა მივიდეს". 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც. 29-ე დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ...