როგორც კომპანიაში აცხადებენ, რეორგანიზაციისა და კადრების ოპტიმიზაციის პროცესი სამი თვის წინათ დაიწყო და 1 იანვარს დასრულდება. მათივე განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად 38 სამუშაო ადგილი შემცირდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ თითოეულ თანამშრომელს კომპანიისვე დაფინანსებული 3-4-თვიანი გადამზადება შესთავაზეს. "ყველა, ვინც გაივლის გადამზადებას, დასაქმებული იქნება საქნახშირში“, - შპს "საქნახშირში" ამბობენ იმასაც, რომ 38 შემცირებულიდან 20-მა ადამიანმა ხელი მოაწერა გადამზადების კონტრაქტს, დანარჩენ 18-ს კი საშუალება ეძლევა, 1 იანვრამდე ჩაერთოს გადამზადების პროგრამაში. მეშახტეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შპს "საქნახშირის" პრესსამსახურში განმარტავენ, რომ 38-მა თანამშრომელმა თავად თქვა უარი სამსახურზე, რადგან არ დასთანხმდა კომპანიის მიერ შეთავაზებულ პროფესიულ გადამზადებას. "კადრების ოპტიმიზაციის პროცესია. თანამშრომლებს ვთავაზობთ პროფესიულ გადამზადებას - 3 თვის განმავლობაში მიიღებენ ანაზღაურებას, ექნებათ დაზღვევა, კვება და ყველა სოციალური ბენეფიტი, რაც ჰქონდათ. უნდა გაიარონ გადამზადება და გაუფორმდებათ ახალი კონტრაქტები, უკეთესი პირობებით. უმეტესობა ჩაერთო გადამზადების პროგრამაში. ვინც არ თანხმდება ამას, თავისი ნებით ტოვებს სამსახურს. საუბარია 38 ადამიანზე. "საქნახშირი" არავის დატოვებს უსამსახუროდ, მეტიც, ჩვენი ინტერესია მათ წინსვლაზე და პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა", - განაცხადეს კომპანიის პრესსამსახურში. 24 დეკემბერს ტყიბულის შახტში დასაქმებულმა ხვიჩა გაბუნიამ და გიორგი აბულაძემ განაცხადეს, რომ „საქნახშირმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა ათობით მეშახტე, რომელთა უმეტესობა გათავისუფლებულთა სიაში პოლიტიკური პოზიციების გამო მოხვდა. მეშახტეები ამბობენ, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი და „ქართული ოცნების" მიერ ქვეყნის საგარეო კურსიდან გადახვევას ღიად აპროტესტებდნენ. „ეტაპობრივად ხდება მეშახტეთა გათავისუფლება ჩვენს წარმოებაში. დაიწყო რეპრესიები, გავიღვიძეთ შუა ბოლშევიზმში. ბევრი პოსტი მქონდა დაწერილი და გამოქვეყნებული, რომ ჩვენი გზა, მეშახტეებო, არის ევროპისკენ, ცივილიზაციისკენ, წინსვლისკენ-მეთქი. რამდენჯერმე დამიბარეს კაბინეტში, მსგავსი რაღაცების დაწერას თავი დაანებე, თუ არა შურს ვიძიებთო", - ამბობს მეშახტე ხვიჩა გაბუნია, რომელიც მეშახტეთა ადგილობრივი პროფკავშირების წარმომადგენელი, მინდელის სახელობის შახტის ცვლის უფროსი იყო. გიორგი აბულაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ შახტში მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა, ამბობს, რომ მასთან ერთად სამსახურიდან გაათავისუფლეს მისი ძმა და რძალი. „გამომიგზავნეს პიროვნებები, იყო დაშინება, შენს თავს თუ არ უფრთხილდები, შენს ძმას და რძალს გაუფრთხილდიო, ისინიც კომპანი...