ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მოუწოდა სირიელებს, წინააღმდეგობა გაუწიონ ამბოხებულთა ხელმძღვანელობით შექმნილ მთავრობას და თქვა, რომ ამბოხება დასავლეთის მიერ იყო ორგანიზებული. 22 დეკემბერს სიტყვით გამოსვლისას, ხამენეიმ განაცხადა, რომ სირიელები, განსაკუთრებით ქვეყნის ახალგაზრდობა, "მტკიცედ უნდა დადგნენ მათ წინააღმდეგ, ვინც შეიმუშავა და ვინც განახორციელა ეს დაუცველობა". ასევე ნახეთ სირიის ახალი ხელისუფლების თქმით, მოსკოვმა უნდა გადახედოს ქვეყანაში თავისი ჯარების ყოფნას ბაშარ ასადმა ქვეყანა 8 დეკემბერს, გვიან საღამოს დატოვა, მას შემდეგ, რაც ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა (HTS) და მისმა მოკავშირეებმა - რომელთაგან ზოგიერთი თურქეთთანაა დაკავშირებული - სწრაფი იერიშის შედეგად დაიკავეს მნიშვნელოვანი ქალაქები და დაძლიეს სამთავრობო ჯარის წინააღმდეგობა. მაშინ, როცა ბაშარ ასადს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა მას შემდეგ, რაც ასადის ოჯახი ხუთ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში “რკინის ხელით” მართავდა ქვეყანას, HTS-ი სწრაფად შეუდგა დროებითი მთავრობის შექმნას - მისმა ლიდერმა რიად ალ-ასადმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ ის ფრაქციები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ასადის დამხობას, ერთ ძალად გაერთიანდებიან. HTS-ი და გარდამავალი მთავრობა ამტკიცებენ, რომ ყველა სირიელის უფლება დაცული იქნება, მაგრამ ხამენეიმ განაცხადა, რომ, მისი აზრით, საბოლოოდ გამარჯვებას ისლამური რესპუბლიკის მთავრობასთან დაკავშირებული ჯგუფი მოიპოვებს. ასევე ნახეთ ერდოანი აცხადებს, რომ ახალი, უსაფრთხო სირიის შექმნისათვის ტერორისტული დაჯგუფებები უნდა განადგურდნენ 22 დეკემბერს სირიის დე-ფაქტო ლიდერს, აჰმედ ალ-შარაას, დამასკში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი შეხვდა. შეხვედრის დეტალები დაუყოვნებლივ არ გავრცელებულა, მაგრამ თურქეთი, რომელიც ასადის ჩამოგდებით იყო დაინტერესებული, დიდი ხანია ითვლება HTS-ის მხარდამჭერად. სირიის მეამბოხეთა ლიდერი დაჯგუფება ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ. მისი მეთაურის, აჰმედ ალ-შარაას დაპატიმრებაში დახმარებისთვის აშშ-ს 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო ჰქონდა დაწესებული. 21 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ჯილდო ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა. ასევე ნახეთ ასადის დამხობა, "სამართლიანობის ზეიმი", რომელსაც რისკიც ახლავს. მათ შორის, საქართველოსთვისაც? ...