მათი თქმით, 2024 წლის არჩევნების შეფასება ისტორიულად ყველაზე ნეგატიური დასკვნაა, რომელიც ამ ორგანიზაციას ოდესმე დაუწერია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. "ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, კანონიერ და ლოგიკურ საფუძველს ქმნის საზოგადოების უდიდესი ნაწილისა და პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნის შესასრულებლად და ახალი არჩევნების დასანიშნად", - წერია პარტიების განცხადებაში. როგორც პარტიები აღნიშნავენ, ეუთო/ოდირი დასკვნაში განმარტავს, რომ მათი მანდატი არ გულისხმობს არჩევნების ლეგიტიმურობის დადგენას, არამედ მათ შეუძლიათ მხოლოდ საარჩევნო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება: "თავისთავად ამ ფაქტის ხაზგასმა დოკუმენტში და ლეგიტიმურობის საკითხის ამგვარად დაყენება ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც სტანდარტულად ამ ტერმინოლოგიას დასკვნებში არ იყენებს, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ არსებობს ლეგიტიმაციის დეფიციტი". მათივე განცხადებით, უშუალოდ საარჩევნო პროცესი ოდირის დასკვნაში შეფასებულია, როგორც "მკვეთრად უარყოფითი", მრავალი დარღვევით, მათ შორის ისეთი ფუნდამენტური პრინციპისა, როგორიცაა არჩევანის ფარულობა. "ეუთოს დასკვნა ცალსახად აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ არ არსებობდა ნდობა ამომრჩევლის მხრიდან, რაც აისახა არჩევნების შემდგომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში, მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომელიც სასტიკად იქნა დარბეული, მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დარღვევით", - აღნიშნავენ პარტიები. ასევე ნახეთ ეუთო/ODIHR-მა საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა რა წერია ეუთო/ოდირის დასკვნაში? ეუთომ და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა დღეს, 20 დეკემბერს გამოაქვეყნა. თუკი 2020 წლის არჩევნების შესახებ ეუთო წერდა: „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური უფლებებისადმი პატივისცემით ჩატარებული“, 2024 წლის არჩევნების შესახებ 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ 53-გვერდიან დასკვნაში წერს: „მთლიანობაში, საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში დაწერილი საჩივრების საფუძვლიანი განხილვის არარსებობამ, - ტექნიკური საფუძვლებით ან არასაკმარისი დასაბუთებით საჩივრების უარყოფამ, ასევე, საბოლოო ჯამში, ძირი გამოუთხარა პროცესის სათანადოდ ჩატარებას და მისი ეფექტური გამოსწორების შესაძლებლობას“. ეუთოს თანახმად, „არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდება ახლად მიღებული კანონმდებლობის გავლენას ძირითადი თავისუფლებებისა და სამოქალაქო საზოგად...