საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისგან“ მიიღო დაპირება „აგენტების კანონის“ შეცვლაზე და ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეს არ დაადასტურა და თქვა, რომ შეთანხმება შედგა კანონთან დაკავშირებით დისკუსიაზე და კანონს მხოლოდ მაშინ შეცვლიან, თუ მის „სამართლებრივ ხარვეზებს“ დაუსაბუთებენ. „ვისღა აინტერესებს“? სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ალენ ბერსე და მისი დელეგაცია „მგონი, ცოტა გაუგებრობაში არიან“. „კარგად არ ესმით აქაური სიტუაცია და მე ავუხსენი, რომ ამ ქვეყანაში მოსვლა, როცა შენ წარმოადგენ ყველაზე ძველ ევროპულ ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია ერთადერთ რამეზე: დაიცვას დემოკრატიული პრინციპები და ადამიანის უფლებები“. პრეზიდენტმა განაცხადა: „მათი არც მანდატი, არც მოვალეობა და არც უფლება არ არის, კომისია დანიშნონ ჯერ არავისგან არაღიარებულ ხელისუფლებასთან, მით უმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ - რა? რუსული კანონი! ვისღა აინტერესებს რუსული კანონის შეცვლა თუ არშეცვლა?!" „რეალობას მოწყვეტილი“ „მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“, - ასე გამოეხმაურა ექსპრემიერი გიორგი გახარია, პარტიის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერი, ბერსეს განცხადებას „აგენტების კანონის“ შესაძლო ცვლილებაზე. ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ ბერსეს გაჟღერებულ ინიციატივას არ ემხრობა და „შარლ მიშელი 2 არ იქნება“: „ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები. ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს. ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება“, - წერს გვარამია. მისი თანაგუნდელი ნიკა მელია კი აცხადებს, რომ ახლა პროტესტის მკაფიო მოთხოვნა ახალი არჩევნებია. ის ფეისბუკზე წერს: „გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი: ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი. დღეს ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს. (რუსული კანონის შელამაზება და ა.შ) პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა - ახალი არჩევნები“. „კრიზისს ეს ვერ უშველის“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საიას) თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე წერს, რომ „აგენტების კანონის“ „გაკეთილშობილებას“ ვერანაირი სამუშაო პროცესი ვერ შეძლებს. „ევროპის საბჭოს მთავარ საკონსულტაციო ორგანოს, ვენეციის კომისიას, ,,რუსულ კანონზე“ ცალსახად აქვს ნათქვამი, რომ ეს კანონი შეცვლას არ ...