საქართველო ევროკავშირის პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში რჩება. ამჯერად - ევროპული საბჭოს 19 დეკემბრის შეხვედრის ფარგლებში, სადაც თავს იყრიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები. შეხვედრის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა ილაპარაკა. კაია კალასმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჟურნალისტებთან თქვა, რომ დღეს განიხილავენ, "კიდევ რისი გაკეთება შეიძლება საქართველოს მთავრობაზე ზეწოლისთვის, არ გამოიყენოს ძალადობა დემონსტრანტების მიმართ". "ორშაბათს ვიმსჯელეთ სანქციებზე ["ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის] და შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ ამაზე კვლავ უნდა ვიმუშაოთ", - განაცხადა ესტონელმა პოლიტიკოსმა. ასევე ნახეთ უვიზო რეჟიმის შეჩერება დიპლომატიური პასპორტებისთვის - რა გადაწყდა ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა შეჩერდება. თუმცა ევროპელი ლიდერების ნაწილი არ მალავდა, რომ სურდა უფრო მკაცრი ზომების მიღება, კერძოდ კი, პერსონალური სანქციების დაწესება "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების მიმართ. გამოცემა Politico-ს ცნობით, მათ შორის იყო კაია კალასიც. პერსონალური სანქციების დაწესებას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ამ ეტაპზე ამის წინააღმდეგია უნგრეთი და სლოვაკეთი. სამშაბათს, 17 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პერსონალური სანქციების დაწესება ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ (უნგრეთმა, სლოვაკეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და რუმინეთმა) დაბლოკა. მან მათ მადლობა გადაუხადა „ქართველი ხალხის ინტერესების ევროკავშირის საბჭოზე დაცვისთვის“. მადლობის გადახდიდან რამდენიმე საათში, ირაკლი კობახიძის გავრცელებული განცხადება ერთმანეთის მიყოლებით უარყვეს ესპანეთმა, იტალიამ და რუმინეთმა. მომდევნო დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მადლობა „ძალიან სანდო და საიმედო ინფორმაციაზე“ დაყრდნობით გადაიხადა და დაამატა, რომ რუმინეთმა, იტალიამ და ესპანეთმა პოზიცია "წნეხის" გამო შეცვალეს. ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, რუმინეთმა, იტალიამ და ესპანეთმა წნეხის გამო სანქციებზე პოზიცია შეცვალეს ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე, სანქციების საკითხს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალიც გამოეხმაურა. "ძალადობა დემონსტრანტების, არჩევნების მიმართ გრძელდება. ესტონეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების სია აქვს. ველით, რომ ამაზე ევროპასაც ძლიე...