„დეკემბრის დასაწყისში თბილისში ვრთავდით ხოლმე საახალწლო განათებებს და ინთებოდა მთავარი ნაძვის ხეც. ამჯერად დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ახალი წელი არის ყველასთვის საყვარელი სახალხო დღესასწაული და არავის მიეცემა უფლება, ჩვენს პატარებს, თანაქალაქელებს სიხარულისა და ბედნიერების განცდა წაართვას. თბილისი იქნება ყველაზე ლამაზი საახალწლო ქალაქი“, - თქვა კახა კალაძემ. მან „რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული აგრესიული ჯგუფები“ უწოდა იმ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ: „ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუშალონ სადღესასწაულო განწყობის შემოტანას ჩვენს დედაქალაქში“. renderExternalContent("//www.radiotavisupleba.ge/embed/player/0/33240078.html?type=video&pangeaEmbed=true", "//www.radiotavisupleba.ge/a/33240078.html?type=video") დედაქალაქის მთავრობა 14 დეკემბერს, 19:00 საათზე გეგმავდა ნაძვის ხის ანთებასა და ღონისძიების გამართვას. იმ დღეს, ისევე როგორც გასული 16 დღის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ აქცია იმართებოდა. დემონსტრანტები აპროტესტებენ ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს. დღეს, 16 დეკემბერს, პროტესტის მე-19 დღეა. ამ დროის განმავლობაში დაკავებულია 400-ზე მეტი დემონსტრანტი, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. პოლიციამ იძალადა აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე, შსს-ში კი ამბობენ, რომ დაშავდნენ მათი თანამშრომლებიც. ...