თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, აქტივისტი ნიკო მანაგაძე დააკავეს. ის დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. ნიკო მანაგაძესთან ერთად იმავე საფუძვლით დააკავეს, მისი მეგობარი ნიკოლოზ კალანდაძე. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ადვოკატ, მარიამ პატარიძის თქმით, ორივე აქციიდან ერთად ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა, ნიღბიანმა პოლიციელებმა გააჩერეს. „დაკავება ნაკლებად შეიძლება ეწოდოს იმას, რაც გუშინ მოხდა. ეს იყო გატაცება. კოსტავას ქუჩაზე სტამბის მიმდებარედ ის შეაჩერა პირთა ჯგუფმა, რომლებიც იყვნენ სამოქაალაქო ტანისამოსში ჩაცმულები. უმრავლესობას ეკეთა ნიღბები და არ იყვნენ ნიკოსთვის აღქმულები, რომ სამართალდამცველები იყვნენ, მალევე ჩასვეს მანქანაში", - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიამ პატარიძე. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ის შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა. ნიკო მანაგაძე იმ დროს რუსთაველის გამზირზე აქციაზე იყო. აქტივისტმა სამმართველოში მისვლაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა. გამომძიებელს არ უთქვამს მანაგაძისთვის, რა საქმეზე იბარებდნენ მოწმედ. თუმცა ადვოკატს ეჭვი აქვს, რომ ეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობას შეიძლება ეხებოდეს. ამ საქმის ფარგლებში, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ აღიძრა, უკვე გამოკითხეს ათობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები და პოლიტიკოსები. დაკავებულია 30-ზე მეტი დემონსტრანტი. „რა გინდოდა დღეს, რომ დაგირეკეთ მოსულიყავიო, - ასე უთხრეს. ეს იყო მიზანმიმართული ანგარიშსწორება იმიტომ, რომ ნიკო მანაგაძე იყო აქტიური, გუშინ დილიდან იყო აქციებზე. როგორც ჩანს, ნაძვის ხის ვერანთების გამო გაბრაზებულებმა დააკავეს. სამმართველოში მას უთხრეს, რომ ტელეფონის კოდი აინტერესებდათ, ნიკომ კოდი შეიყვანა, ხელიდან წაგლიჯეს და დაახლოებით ნახევარი საათი ჰქონდათ ტელეფონზე წვდომა, შემდეგ კი დალუქული შეიტანეს განყოფილებაში, არ ვიცით ამ ტელეფონზე წვდომით, რა ინფორმაცია მიიღეს", - ამბობს მარიამ პატარიძე. ნიკო მანაგაძე რამდენიმე თვეა დაზარალებულის სტატუსს ატარებს. 7 ივნისს მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ რამდენიმე ახალგაზრდა დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს, ჰქონდა სხეულის არაერთი დაზიანება, მათ შორის - ტვინის შერყევა. თავდასხმის ფაქტი დააფიქსირეს თვითმხილველებმა. გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც კარგად ჩანან თავდამსხმელები, თუმცა გამოძიების დაწყებიდან 5 თვის თავზე, ნიკო მანაგაძის ცემის ფაქტზე არცერთი პირი არ არის გამოვლენილი. renderExternalContent("//www.radiotavisupleba.ge/embed/player/0/32992039.html?type=video&pangeaEmbed=true",...