ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დააკისრა ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის, „რონდელის ფონდის“ მკვლევარს, ვატო ბჟალავას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა. სამართალდამცავები ვატო ბჟალავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. 14 დეკემბერს, სასამართლოს დარბაზში მოწმის სტატუსით მისულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ასე აღუწერა მოსამართლეს ვატო ბჟალავას დაკავების მიზეზი და პროცესი: „სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი აბაშიძის ქუჩაზე, რა დროსაც შევნიშნეთ აღნიშნული პიროვნება, რა დროსაც გამოიწვია ეჭვი, ჩვენს დანახვაზე თითქოს რაღაც მოძრაობების შეცვლა სცადა. როდესაც მივედით და მოვთხოვეთ, წარვუდგინეთ ჯერ ჩვენი პირადობები და ვუთხარით, რომ ვიყავით პოლიციის თანამშრომლები, რის შემდეგადაც გახდა აგრესიული, არ გვაჩვენა თავისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მოგვმართა „ტიტუშკებით“ და შეგვაგინა. ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისი დაკავება მომხდარიყო ადმინისტრაციული წესით“, - პოლიციელის ამ სიტყვაზე ვატო ბჟალავას გაეცინა. ადვოკატმა გიორგი ტაბატაძემ მოწმე-პოლიციელს ჰკითხა, ეცვა თუ არა მათ სამსახურებრივი ფორმა, როდესაც ვატო ბჟალავა გააჩერეს, რაზეც პოლიციელმა უპასუხა, რომ არც მას და არც მის მეწყვილეებს ფორმა არ ეცვათ. კითხვა ჰქონდა მოწმე-პოლიციელთან ვატო ბჟალავასაც: - თქვენ რომ მთხოვეთ, წარმომედგინა პირადობის მოწმობა, საფულედან რომ ამოვიღე და მოგაწოდეთ და მაშინვე დამიბრუნეთ... - უარი განაცხადეთ საერთოდ ჩვენებაზე, როდის მომაწოდეთ? - ახლა იტყუებით თუ არა სასამართლოს წინაშე? მოსამართლემ მოხსნა ვატო ბჟალავას კითხვა მოწმე-პოლიციელისადმი, იტყუებოდა თუ არა ის სასამართლოს წინაშე. ვატო ბჟალავა თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში მოჰყვა, როგორ და რა სიტუაციაში დააკავეს ის პოლიციელებმა: „12-ში, დღისით, გავედი, ძაღლს ვასეირნებდი. ვიყავი ვაკის პარკში, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ვუყურებდი საინფორმაციოებს. უკანა გზაზე ვიყიდე საჭმელი, რომ სახლში ავსულიყავი და მეჭამა. როდესაც კავსაძის ქუჩა გადმოვკვეთე, დავინახე ორი ადამიანი, რომლებიც ჩაცმულობითა და ჰაბიტუსით ვიფიქრე, რომ სამართალდამცავები არიან. შემდეგ შევედი მაღაზიაში, ვიყიდე კოკა-კოლა და როდესაც გამოვდიოდი, ეზოს არკასთან რომ ჩავედი, ეს ორი ადამიანი მომყვებოდა. მოვამზადე მობილური, რომ ჩამერთო, რომ რასაც ვუყურებდი, ეს დამეფიქსირებინა. მქონდა გამზადებული, რომ ლაივი ჩამერთო, ეზოდან დამხვდა სამი სამართალდამცავი და უკნიდან მოდიოდა ორი. ძალღთან ერთად ვიყავი. როგორც კი მოვიდნენ, მითხრეს, თუ შეიძლება, შენი პირადობის მოწმობა მოგვეციო. ამოვიღე საფულიდან, მაშინვე მივაწოდე, შეხედეს, რომ კი, ვახტანგ ბჟალავა ხარო და დამიბრუნეს. ჩავიდე...