„პოლიციელები აქციაში მონაწილე მოქალაქეების მისამართზე მიდიან, მათ ან მათი ოჯახის წევრებს ეუბნებიან, თითქოს უწყების ჩაბარება სურთ და ითხოვენ ბინაში შეშვებას, შემდგომ კი იძულებით, მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ და საფუძვლის განმარტების გარეშე, გადაჰყავთ ისინი შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. მათი გამოკითხვაც იძულებით მიმდინარეობს. ადვოკატებს არ ეძლევათ მოქალაქეებთან შეხვედრისა და წარმომადგენლობის გაწევის შესაძლებლობა. ადვოკატებმა გასული დღეების განმავლობაში რამდენჯერმე სცადეს იძულებით გადაყვანილ პირებთან შესვლა, თუმცა, უშედეგოდ“, - წერია განცხადებაში. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი", "უფლებები საქართველო", "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", უფლებადამცველთა გაერთიანება - "ადამიანის უფლებათა ცენტრი". რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება. მეთოთხმეტე დღეა, რაც თბილისსა და სხვა ქალაქებში აქციები იმართება. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვას ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენებაზე. ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე შსს-ის თანამშრომლებმა თბილისსა და სხვა ქალაქებში პროევროპული საპროტესტო აქციების 400-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის ბრალდებით. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დემონსტრანტები მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს. დემონსტრაციები არაერთხელ დაარბიეს საპოლიციო ძალებმა, დაშავებულია არაერთი ადამიანი. მათ ნაწილზე პოლიციამ დაკავების და განყოფილებაში გადაყვანის დროს იძალადა. შსს იუწყება, რომ აქციის მონაწილეთა ნასროლმა ნივთებმა ათეულობით პოლიციელი დააშავა. 10 დეკემბერს ომბუდსმენმა დაწერა, რომ მისმა თანამშრომლებმა იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 337 ადამიანი; მათგან 225 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, 157-ს კი ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა. ...