საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის ევროპის და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორის გიორგი გოგიას და ადვოკატირების ხელმძღვანელ ისკრა კიროვას შეფასებით, საქართველოში სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის ფონზე, საპროტესტო აქციებზე მთავრობის სასტიკი რეაქცია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების საფრთხეს ქმნის. Human Rights Watch-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ევროკავშირმა დაგმო საქართველოს ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების დრო დადგა. ევროკავშირმა უნდა მიაღწიოს ძალადობის დამოუკიდებელ გამოძიებას ევროპის საბჭოს და გაეროს ექსპერტების მიერ, რომლებმაც უნდა შეისწავლონ ძალის უკანონო გამოყენება, თვითნებური დაკავებები და სასტიკი მოპყრობის და წამების მზარდი მტკიცებულებები. ...