საკანონმდებლო პაკეტი ერთ ძირითად და შვიდ თანმდევ კანონპროექტში ცვლილებას ითვალისწინებს. დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია მხოლოდ ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში მისი გაყიდვა და ფლობა კანონდარღვევა გახდება. პიროტექნიკის გამოყენება დარეგულირდება შეკრება-მანიფესტაციის დროსაც. სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი დაადგენს. რა სიახლეა ჯარიმებზე? ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატება სამი ახალი მუხლი, რომელთა მიხედვითაც: 5 000 ლარით დაჯარიმდება ყველა, ვინც პიროტექნიკას ლიცენზიის გარეშე შემოიტანს ან გაიტანს ქვეყნიდან. იგივე ოდენობის ჯარიმაა განსაზღვრული ლიცენზიის გარეშე პიროტექნიკის წარმოებისა და გაყიდვისთვის. ჯარიმასთან ერთად შსს პიროტექნიკის ჩამორთმევის უფლებასაც იტოვებს. თუ კანონს ერთხელ დაჯარიმებული მეორედაც დაარღვევს, ჯარიმა 6 000 ლარამდე გაიზრდება. 2 000 ლარით დაჯარიმდება სანებართვო/სალიცენზიო პირობების დამრღვევი; შსს-ს ამ შემთხვევაშიც აქვს უფლება, ჩამოართვას ან არ ჩამოართვას მფლობელს პიროტექნიკა; ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ სანებართვო/სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა ჯარიმას ასამმაგებს (6 000 ლარი), მესამე ჯერზე კი ნებართვა/ლიცენზია გაუქმდება. 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება ყველას, ვინც პიროტექნიკურ ნაწარმს მიყიდის მას, ვისაც კანონის მიხედვით, ფლობა-გამოყენების უფლება არ აქვს. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 3 000 ლარია. 1 000 ლარით დაჯარიმდება და პიროტექნიკა ჩამოერთმევა მას, ვისაც პიროტექნიკური ნაწარმის შეძენის, ფლობის ან/და გამოყენების უფლება არ აქვს. კანონის ამ მუხლის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარია. ასევე ნახეთ „ოცნების“ 4 ახალი ინიციატივა პროევროპულ დემონსტრაციებსა და პროტესტზე პასუხად ვის აქვს/არ აქვს პიროტექნიკის ყიდვის უფლება? მთავარ კითხვას კანონპროექტი პასუხგაუცემლად ტოვებს. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედი რედაქციით, პიროტექნიკის არასრულწლოვანისთვის მიყიდვა აკრძალულია და ჯარიმდება. ახალი კანონპროექტით, ამ ჩანაწერს კოდექსიდან ამოიღებენ, თუმცა ვინ ჩაწერს და სად ჩაიწერება იმ ადამიანების ან ჯგუფების სია, რომლებსაც პიროტექნიკის ყიდვა აეკრძალებათ, "ქართულ ოცნებას" „განმარტებით ბარათში“ დაკონკრეტებული არ აქვს. ასეთ ბუნდოვან საკითხებს კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, როგორც წესი, მთავრობა აწესრიგებს ხოლმე შესაბამისი დადგენილებებით. მშობლის პასუხისმგებლობა პროექტით მიხედვით, ბავშვთან ერთად მშობელსაც ან მის კანონიერ წარმომადგენელსაც დააჯარიმებენ იმ შემთხვევაში თუ: არასრულწლოვანი შეიძენს, გამოიყენებ...