12-დღიანი საპროტესტო დემონსტრაციების, საჯარო სექტორში ასობით დასაქმებულის პროტესტისა და, ასევე, პოლიციელთა რიგებში წინა წლებში კლებისა და მიმდინარე აქციებით სავარაუდო გადატვირთულობის ფონზე, „ქართული ოცნება“ დეკემბრიდან არაერთ საკანონმდებლო ცვლილებას გეგმავს. ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ ეს ინიციატივები ადამიანის უფლებების დათრგუნვისკენაა მიმართული და „ქართული ოცნება“ ეცდება, ეს ინსტრუმენტები გამოიყენოს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის გზაზე. უნიღბოდ აქციაზე - დემონსტრანტი თუ პოლიციელი? ბოლოდროინდელ საპროტესტო დემონსტრაციებზე საუბრისას, 9 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „ამ მოვლენებმა გვაჩვენა, მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ სწრაფად როგორც პიროტექნიკის რეგულაციის, ისევე საჯარო შეკრებისას შენიღბვის აკრძალვაში“. მისი თქმით, ამ ორ საკანონმდებლო ინიციატივას მიმდინარე კვირაში განიხილავს პარლამენტი. შალვა პაპუაშვილი ჯერჯერობით კანონპროექტები პარლამენტის საიტზე არ ატვირთულა და მათი დეტალური შინაარსი უცნობია. „ნიღბების ტარების აკრძალვა ადამიანებს არაპირდაპირ უზღუდავს შეკრების თავისუფლებას“, - ამბობს საბა ბრაჭველი, „ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი. „ამით „ქართული ოცნება“ ჯარიმებით ემუქრება ადამიანებს, თუ საერთოდ გავლენ აქციაზე. ისინი სჯიან ადამიანებს იმისთვის, რომ უკეთიათ აირწინაღები და არ სუნთქავენ მათ მიერ გაშვებულ გაზს“, - ამბობს იგი. საბა ბრაჭველის შეფასებით, ეს ინიციატივა განსაკუთრებით ცინიკურია იმის გათვალისწინებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი („სპეცრაზმი“) და, ზოგადად, პოლიციის შემადგენლობა თავად იყენებენ ნიღბებს აქციებზე. „და გარდა იმისა, რომ ნიღბებით დგანან, მათ არ გააჩნიათ საიდენტიფიკაციო ნიშნები არცერთს. ეს კი გაკრიტიკებული აქვს არა მარტო შიდა ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის თამადობით, არამედ საერთაშორისო დონეზეც აღიარებულია, რომ არასწორი პრაქტიკაა. ასეთ დროს სპეციალური საგამოძიებო სამსახური უძლურია საკუთარი მისია შეასრულოს, რადგან შსს ეუბნება, რომ ვერ ახდენს პოტენციური დამნაშავის იდენტიფიცირებას“, - ამბობს იურისტი. პოლიციელები ნიღბებით დემონსტრაციაზე. 7 დეკემბრის ფოტო „რეგულირებული პიროტექნიკა“ შალვა პაპუაშვილმა 9 დეკემბერს ისაუბრა პიროტექნიკის რეგულირებაზეც და არგუმენტად წინა წლებში ცხოველთა უფლებათა დამცველების პოზიციები მოიტანა. ჯერ არც ეს კანონპროექტი გამოქვეყნებულა, თუმცა პარლამენტის პრესცენტრი განმარტავს, რომ ცვლილები 2025 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება და ამის შედეგად, საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები. პ...