„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (სსც) იუწყება, რომ საპროტესტო დემონსტრაციებზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთია საბა ქევხიშვილი, რომელსაც სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს. ქევხიშვილი პირველ დეკემბერს დააკავეს პროევროპულ აქციაზე. მის შესახებ ინფორმაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 9 დეკემბერს გამოაქვეყნა. ცენტრის ცნობით, საბა ქევხიშვილზე სპეცრაზმის თანამშრომლებმა იძალადეს 1-ელ დეკემბერს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე მასობრივი მშვიდობიანი შეკრების თვითნებური დაშლის შემდეგ. „ნიღბიანი სპეცრაზმელების მიერ განხორციელებული სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, მას დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში - ცხვირის და ყბის ძვლების, ასევე თვალბუდის მოტეხილობისა და ტვინის შერყევის სახით“, - აცხადებს ორგანიზაცია. სსც აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს სპეცრაზმელების მიერ ნაცემი საბა ქევხიშვილი და ძალოვნებთან მისი გამოლაპარაკების ეპიზოდი, რაც, ორგანიზაციის თანახმად, წინ უძღოდა საბას დაკავებასა და მასზე ძალადობას. „სპეცრაზმის მიერ საბა ქევხიშვილის დაკავებას და მასზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მშვიდობიანი აქციის დაშლის მიზნით სპეციალური საშუალებების, მათ შორის დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზის გამოყენება. აქციის მშვიდობიანი ხასიათის სადემონსტრაციოდ, ქევხიშვილი პროტესტის მონაწილეებს გამოეყო და რუსთაველზე სპეცრაზმის თანამშრომლების მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გადაადგილდებოდა. ტელევიზიების პირდაპირი ეთერის კადრებში ჩანს, რომ საბა ქევხიშვილს ერთ-ერთი სპეცრაზმელი გამოელაპარაკა და ჰკითხა, თუ რას აპროტესტებდა, რის შემდეგაც საბამ მას საკუთარ მობილურში აქციის კიდევ ერთი მონაწილის ზვიად მაისაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ცემის ვიდეოს აჩვენებს და ეუბნება, რომ ძალადობაზე ვერ შეთანხმდებიან. ამ ეპიზოდის შემდეგ, საბა ქევხიშვილთან კომუნიკაციაში მყოფი სპეცრაზმის თანამშრომელი, სავარაუდოდ დაჯგუფების ხელმძღვანელი, ქევხიშვილის დაკავების გადაწყვეტილებას იღებს“, - წერს ორგანიზაცია. მისი დაკავების ეპიზოდი რადიო თავისუფლებამაც გადაიღო. "სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანახმად, საბა ქევხიშვილი ამბობს იმასაც, რომ დაკავების შემდგომ ის ჩასვეს ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ მდგარ მიკროავტობუსში, სადაც „სპეცრაზმის რამდენიმე თანამშრომელი მას უწყვეტად, მონაცვლეობით სახის, კეფისა და მთელი სხეულის არეში უმოწყალოდ ურტყამდა“. „ძალადობის პარალელურად, დაკავებულს ემუქრებოდნენ, აგინებდნენ და ეკითხებოდნენ, კიდევ გამოვიდოდა თუ არა აქციაზე. დაკავებისას მას წაართვეს მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები“, - წერს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“. იგი მოგვიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. მისი სასამართლო ჯერ არ გამართულა. три მეთერთმეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრ...