სირიელი მეამბოხეების მიერ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის თვითმფრინავებმა სირიაში დაბომბეს ექსტრემისტული დაჯგუფების, ვაშინგტონის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, 8 დეკემბერს სირიის ცენტრალურ ნაწილში დაბომბეს „ისლამური სახელმწიფოს“ 75-ზე მეტი ობიექტი. სარდლობის განცხადებით, წერტილოვანი დარტყმების მიზანი იყო „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სირიაში შექმნილი არასტაბილური სიტუაციით სარგებლობის აღკვეთა. ოპერაციაში მონაწილეობდნენ შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები В-52, F-15 და A-10. три შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელის, გენერალ მაიკლ კურილას განცხადებით, „ისლამურ სახელმწიფოს“ არ მისცემენ აღორძინების და სირიაში შექმნილი სიტუაციით სარგებლობის უფლებას. ამერიკელმა გენერალმა სირიაში მოქმედი ყველა დაჯგუფება გააფრთხილა, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობის ან ნებისმიერი სახით მხარდაჭერის შემთხვევაში, პასუხი მათაც მოეთხოვებათ. სირიაში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სამთავრობო ძალებზე მასშტაბური შეტევა 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყეს, რამდენიმე დღეში აიღეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ალეპო, კონტროლი დაამყარეს არაერთ სხვა ქალაქზეც და 8 დეკემბრისთვის შევიდნენ დედაქალაქ დამასკში. პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ოჯახთან ერთად სირია დატოვა და თავი მოსკოვს შეაფარა. ძირითადი ძალა, რომელმაც ასადის რეჟიმი დაამხო, ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ შამია"(HTS). ეს დაჯგუფება მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს, მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნების და რუსეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული. „ჰაიათ თაჰრირ ალ შამმა" ბოლო წლებში კავშირი გაწყვიტა „ალ-ყაიდასთან" და ცდილობდა თავი წარმოეჩინა სირიის მთავრობის პრაგმატულ ალტერნატივად. ასევე ნახეთ რუსი დიპლომატი ასადზე: რუსეთი მეგობრებს არ ღალატობს ასევე ნახეთ ბაიდენის მოწოდებით, ასადს პასუხი უნდა აგებინონ სირიაში სამოქალაქო ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2011 წლის გაზაფხულზე პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლებამ სასტიკი მეთოდებით ჩაახშო ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების მოთხოვნით დაწყებული მშვიდობიანი გამოსვლები. ოპოზიციური გაერთიანებების გარდა, შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაერთნენ მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებული „ალ-ყაიდა" და „ისლამური სახელმწიფო" და მათი მხარდამჭერი დაჯგუფებები. 13-წლიანი ომის შედეგად დაღუპულია 500 000-მდე ადამიანი, მათ შორის 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. ათასობით დაიღუპა ასა...