სირიის პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ ღაზი ალ-ჯალალიმ განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს სირიელი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან და მიიღოს ნებისმიერი ზომა ძალაუფლების „გადაცემისთვის“, - იუწყება საუდის არაბეთის ტელეარხი Al Arabiya. „ეს ქვეყანა შეიძლება იყოს ნორმალური ქვეყანა, ქვეყანა, რომელიც კარგ ურთიერთობას დაამყარებს მეზობლებთან და მთელ მსოფლიოსთან (...), მაგრამ ამ საკითხის გადაწყვეტა მოუწევს სირიელი ხალხის მიერ არჩეულ ხელმძღვანელობას. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ მასთან, რათა შეუქმნათ ყველა შესაძლო პირობა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა Facebook-ის ეთერში. მან მოუწოდა ყველა ძალას შეინარჩუნონ "სირიის სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი" და განაცხადა, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს სახელმწიფო საქმეების მართვას. ამასთან, ალ-ჯალალიმ აღნიშნა, რომ არ სჭირდებოდა თანამდებობები და პრივილეგიები და, რომ საკუთარ სახლში იმყოფება და არ აპირებს მის დატოვებას. საინფორმაციო სააგენტო AFP, ამბოხებულთა ლიდერებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ხელისუფლების ოფიციალურ გადაცემამდე, სირიის სამთავრობო ინსტიტუტები პრემიერ-მინისტრის კონტროლის ქვეშ დარჩებიან. მათ ასევე განაცხადეს, რომ მათ ჩამოაგდეს პრეზიდენტი ბაშარ ასადი, მოსპეს 50-წლიანი საოჯახო დინასტია სწრაფი იერიშის შედეგად. მეამბოხეთა კოალიციამ, რომლის რაზმებმა ნოემბრის ბოლოს დაიწყეს აქტიურო მოქმედება, 8 დეკემბერს გამოაცხადა, რომ აგრძელებს მუშაობას სირიაში ძალაუფლების გადაცემის დასასრულებლად გარდამავალი სამთავრობო ორგანოსათვის, რომელსაც ექნება სრული აღმასრულებელი უფლებამოსილება. „სირიის დიდი რევოლუცია ასადის რეჟიმის დამხობისთვის ბრძოლიდან გადავიდა ბრძოლაზე სირიის ასაშენებლად, რომელიც მისი ხალხის მსხვერპლს იმსახურებს“, - ნათქვამია განცხადებაში. მეამბოხეთა რაზმები, მათივე თანახმად, ახლა ებრძვიან ქურთთა ძალებს სირიის ჩრდილოეთში, მანბიჯში. სირიის მეამბოხეთა გაერთიანებულ ჯგუფს მეთაურობს"ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი," რომელიც აღიარებულია ტერორისტულ ჯგუფად არის შერაცხილი აშშ-სა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. კოალიციაში შედიან ასევე პროთურქული ჯგუფები. ასევე ნახეთ Reuters: ასადმა დატოვა დამასკი გავრცელებული ცნობებით, ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის აღსანიშნავად ხალხმა დაიწყო შეკრება დამასკის ცენტრში, ომაიანთა მოედანზე, სადაც მდებარეობს მნიშვნელოვანი სამთავრობო ინსტიტუტები, მათ შორის ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უკრავს მუსიკა და დაახლოებით ათამდე ადამიანი როგორ ცეკვავს მიტოვებული ტანკის გარშემო. სირიაში მიმდინარე 13-წლიან ომში, თითქმის 500 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 300 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. მსხვერპლის რეალური რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს. ...