საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ შეწყალება არის "დამნაშავე ადამიანების შეწყალება" და ეს აქტი მხოლოდ მისი დისკრეციაა. ეს განცხადება მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებისას დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე საუბრისას გააკეთა. ჟურნალისტმა თამთა სანიკიძემ პრეზიდენტს ჰკითხა, რომ გრიგორიადისის შეწყალება "არაერთხელ გაიხსენეს დაძაბულობის ესკალაციის კონტექსტში". "18 წლის ბავშვი, რომ არ უნდა დალპეს ციხეში, შეიძლება მოინანიოს, შეიძლება შეცდომა დაუშვა... შეწყალება არის შეწყალება დამნაშავე ადამიანების და არა უდანაშაულოების. ეს არის ჩემი დისკრეცია. არავის აქვს უფლება, დასვას კითხვა ამ დისკრეციაზე", - თქვა პრეზიდენტმა, რა დროსაც ჟურნალისტმა დამატებითი კითხვა დაუსვა: "თქვენი აზრით ის იყო უდანაშაულო?" "არ მითქვამს. პირიქით ვამბობ. შეწყალება ეხება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რაიმე დანაშაული ჩადენილი. პრეზიდენტის შეფასება, ვინმე უნდა შეიწყალო, თუ არ შეიწყალო, ეს დისკრეციაა. ეს ეხება სინდისს, რისთვისაც ვრჩები შემდეგ მარტო ჩემ თავთან", - უპასუხა პრეზიდენტმა. მან ასევე აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხიც. ზურაბიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ გაფრთხილებული "ტროლები და ინფლუენსერები" დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, თითქოს იგი სააკაშვილის შეწყალებას აპირებდა. "სხვათა შორის, თუ შეწყალებაზე ვსაუბრობთ, ის ხალხი, აქ რომ იყო მოსული, რომ შემომესიეთ, ახლახან ერთი წლის წინ, რომ თქვენ აპირებთ [მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას]... ეს იყო გაფრთხილებული "ოცნებაში", მათი ტროლების და ინფლუენსერების. როდის ვთქვი მე რომ შევიწყალებდი? მე ვთქვი, რომ არასდროს არ შევიწყალებ და არ შევიწყალე, აგერ". ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა ლაზარე გრიგორიადისის საქმის ქრონოლოგია: „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს დააკავა. 31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 8 აპრილს სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა გრიგორიადისს გირაოს გამოყენებაზე და პატიმრობაში დატოვა. 26 ივნისს გრიგორიადისის ადვოკატებმა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. გრიგორიადისი ითხოვდა ხელისუფლების წარმომადგენლების მადისკრედიტებელი განცხადებებით მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას. სასამართლომ ეს სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. 2023 წლის 25 სექტემბერს ...