სამართალდამცავები მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. გიორგი ხაჭაპურიძე სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციის დაშლისას, 4 დეკემბერს, ღამის 2-ის ნახევარზე დააკავეს. ამბობს, რომ დაკავებისას და გზაში იზოლატორამდე, პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაკავებისას კი შეასხეს წიწაკის სპრეი. დაკავებული კაცი სისხლიანი შარვლითა და ქურთუკით მიიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სახეზე ეტყობოდა ცემის კვალიც. გიორგი ხაჭაპურიძეს სისხლის კვალი ეტყობა შარვალზე. გიორგი ხაჭაპურიძემ სხდომათა დარბაზში მოყვა, რომ აქციის მონაწილე არ ყოფილა და რუსთაველის გავლით მეგობართან მიდიოდა. ახსოვს, რომ ფარი მიაწოდა სპეცრაზმელს და ამ დროს დააკავეს. მან ვერ დააზუსტა დაკავების დრო, მეტროსადგური, რომლითაც ისარგებლა, მეგობრის მისამართი. გიორგი ხაჭაპურიძემ თქვა, რომ "ომის მონაწილე და ვეტერანია, თავში აქვს იმპლანტი და ცემის გამო „ვერ აზროვნებს საღად“. დაკავების ოქმის თანახმად, გიორგი ხაჭაპურიძე მთვრალი იყო. მოსამართლე დაინტერესდა, თუკი მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, რატომ წავიდა მეგობართან იმ გზით, სადაც მიტინგი იმართებოდა, რატომ არ შეარჩია შემოვლითი გზა, თუ იქნებ აინტერესებდა, იქ რა ხდებოდა? პროცესზე დაიკითხა ორი პოლიციელი, აქედან ერთმა თქვა, რომ დაკავების გადაწყვეტილება თავად მიიღო, მეორემ კი განაცხადა, რომ დაკავებაში მას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები დაეხმარნენ. თავად კი 10-12 მეტრის მოშორებით იდგნენ და ასე გაიგეს, როგორ აგინებდა გიორგი ხაჭაპურიძე ხელისუფლებას და რუსეთს. სასამართლოს სხდომაზე შსს-ს მტკიცებულების სახით არ წარმოუდგენია პოლიციელთა სამხრე კამერების ჩანაწერები: "24 საათი ვმუშაობთ და მაგ დროისთვის დაჯდა", - თქვეს მათ. შსს წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზში თქვეს, რომ გიორგი ხაჭაპურიძე რამდენჯერმე მივიდა სამართალდამცავების კორდონთან და ცდილობდა შეღწევას. გიორგი ხაჭაპურიძის ადვოკატი: როგორ გაარჩიეთ რომ იგინებოდა, თუ ასეთი ხმაური იყო? პოლიციელი: ვხედავდი. ადვოკატი: ერთია - ხედავდით, მეორე - გესმოდათ. პოლიციელი: ვხედავდი და მესმოდა. ადვოკატი: მაგრამ ის ვერ დაინახეთ, რომ ფარი ხელში ეჭირა და სპეცრაზმს აწვდიდა.... ფარი დაინახა მეორე მოწმე პოლიციელმა და თქვა: „კი, სხვათა შორის, მახსოვს, რომ ფარი ხელში ეჭირა, მერე რა მოხდა, არ ვიცი“. მოსამართლემ სარწმუნოდ არ მიიჩნია დაკავებულის მონათხრობი და მას 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. „ეს შარვალი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მტკიცებულებად წავა", - თქვეს გიორგი ხაჭაპურიძის ოჯახის წევრებმა, რომლებიც სასამართლო პროცესს დაესწრნენ. ასევე ნახეთ პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი ...