თავად ზვიადისთვის სიმბოლურია, რომ ბიძამისი, 2000-იანი წლების ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი, გია მაისაშვილი 2009 წელს მძიმედ დაშავდა, მაშინ, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებდა. „აქციაზე არასდროს ვყოფილვართ და შენი კადრების გამო გავედითო“, - 23 წლის ახალგაზრდა ამ შინაარსის შეტყობინებებს სოციალურ ქსელში დღემდე იღებს. კლინიკაში ყოფნისას მასთან სხვა დაზარალებულები მივიდნენ და იგივე გაუმეორეს. პოლიციელების მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი ტვინის შერყევით და გატეხილი ცხვირით ახლა სახლშია - რეაბილიტაციის კურსს გადის. პოლიცია მას ფიზიკურად 30 ნოემბერს, გამთენიისას რუსთაველის გამზირზე გაუსწორდა. იმ დღეს აქციაზე ღამის 11 საათისთვის ძმასთან ერთად მივიდა - ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი დემონსტრანტებს წყლის ჭავლით უკვე შლიდა. ამ დროს დაიძრა თავისუფლების მოედნიდან პოლიციელების კორდონიც. „ეს კორდონი ხალხს მოგვაწვა, უკან დავიხიეთ. უცებ ჩიტაძის მხრიდან, რუსთაველის გამზირის ტროტუარზე პოლიციელები გამოვარდნენ, მაგ დროს მოვყევი ადგილზე, საიდანაც ერთი კაცი გაიტაცეს, ერთს ურტყეს, წინ ჟურნალისტი ეგდო მკვდარივით, ბეწვზე გადავრჩი, რომ არ დამიჭირეს, წიწაკის სპრეის ასხამდნენ ყველგან, ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა, წინ ვერ მიდიხარ, სუნთქვა გიჭირს“, - იხსენებს ზვიად მაისაშვილი. უკონტროლო ვითარების გამო რუსთაველის მეტროსკენ გაიქცა. არ ჰქონდა ეკიპირება, აქციაზე მხოლოდ პირბადით იყო მისული. დემონსტრანტებს უკვე აგებული ჰქონდათ ბარიკადები. სპეცრაზმმა პარლამენტის წინა ტერიტორია მალევე დაიკავა. „იმ ადგილას, სადაც მე ვიყავი, აქციის ეპიცენტრი არ იყო, ხალხი უკვე სახლში მიდიოდა. გავიგეთ, რომ ზედა ქუჩებიდან პოლიცია აპირებდა ჩამოსვლას და დემონსტრანტების ალყაში მოქცევას. ჩვენ ცოტა წინ მივდიოდით, ჩემი ძმა ჩამომრჩა და მის მოსაძებნად დავბრუნდი. ავიხედეთ ზევით და დავინახეთ, პოლიცია მოდიოდა ზემოდან. წამებში მოხდა ყველაფერი, გავიქეცით. რამდენიმე წამში სხვა პოლიციელებიც ჩემს გარშემო იდგნენ და ფეხებს მირტყამდნენ, ვყვიროდი „არ დამარტყათ“... ზვიად მაისაშვილი რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი თუ არა, წინ პოლიციელი შემხვდა, რომელმაც დამარტყა და დამაგდო, რამდენიმე წამში სხვა პოლიციელებიც ჩემს გარშემო იდგნენ და ფეხებს მირტყამდნენ, ვყვიროდი „არ დამარტყათ“, მაინც მირტყამდნენ და გავითიშე, მეტი არაფერი მახსოვს“. ზვიად მაისაშვილს ათამდე შავებში ჩაცმული პოლიციელი ფიზიკურად რუსთაველის თეატრის მიმდებარედ, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისის წინ ტროტუარზე გაუსწორდა, მომხდარს პირდაპირ ეთერში იღებდა ამ პარტიის წევრი, თეონა ჭალიძე. „მე რომ ძლივს ვდგები და ერთი ქუსლს მირტყამს და მეორე წიხლს, მაგ მომენტში არაფერი მახსოვს, გათიშული ვიყავი და მეხსიერებაც გათიშული მქონდა. მერე ხალხი მოვიდა და გადამარჩინა. ნანკა კალატოზი...