საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელები 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე. 9-კაციანი პლენუმის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და განსხვავებული აზრი დაწერა ორმა მოსამართლემ: თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ. მათი დასაბუთება ჯერ არ არის ატვირთული სასამართლოს ვებსაიტზე. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტზე დღეს, 3 დეკემბერს, გამოქვეყნდა. პლენუმმა გადაწყვეტილება 29 ნოემბერს მიიღო. რას ითხოვდნენ პრეზიდენტი და პოლიტიკური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს პრეზიდენტმა სარჩელით 19 ნოემბერს მიმართა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა ფარულობის, საყოველთაობისა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლებების დარღვევის გამო. პრეზიდენტი თავის სარჩელში აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპი დაირღვა (საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი): ხმის მიცემის ფარულობა – პრეზიდენტი იზიარებს ფართოდ გავრცელებულ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან მელნის გაჟონვამ ცხადყო, რომელ პარტიას მისცა ამომრჩეველმა ხმა; ხმის მიცემის საყოველთაობა – პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ხმის მიცემის უფლება სახელმწიფომ უგულებელყო იმით, რომ არ უზრუნველყო მათ მიერ ხმის მიცემის უფლების გამოყენება. იდენტური სარჩელი მოამზადეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. სასამართლომ ორივე სარჩელი გაერთიანებულად განიხილა. მომჩივნები საარჩევნო აქტების, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას მოითხოვდნენ, რაც დაკმაყოფილების შემთხვევაში ხელახალი არჩევნების ტოლფასი იქნებოდა. როგორ ასაბუთებს პლენუმი უარს სარჩელების განხილვაზე? პლენუმის შვიდმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელები არ იყო დასაბუთებული და არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც სარჩელების საფუძვლიანობას დაადასტურებდა. ამასთან, მათში გამოკვეთილი არ იყო აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. ხმის მიცემის საყოველთაობა საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლების დარღვევაზე საკონსტიტუციო სასამართლომ დაწერა: "მოქალაქეთა არჩევნებში მონაწილეობა, თავისთავად, დაკავშირებულია გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან, მოქალაქეებს, ბუნებრივია, უწევთ საარჩევნო უბნებთან მისვლა, მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ფლობა, მარკირების გავლა და სხვა. ამდენად, არჩევნებში მონაწილეობაზე გარკვეული ბარიერის დაწესე...