აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასტიპენდიო პროგრამის (Fulbright) 50 მონაწილე „ხაზგასმით გმობს“ „ქართული ოცნების“ მმართველობის გადაწყვეტილებებს, რაც, მათი შეფასებით, „სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ კურსს, ასევე, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს“. პირველ დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში „ფულბრაიტის“ სტიპენდიანტები წერენ, რომ „ქართული ოცნების“ მიღებული გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, „უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ურყევ ნებას - გახდეს ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი“. „კატეგორიულად ვგმობთ პროტესტის მონაწილეთა მიმართ არალეგიტიმური და სასტიკი ძალის გამოყენებას. მხარს ვუჭერთ საქართველოს ქალაქებსა და საზღვარგარეთ მიმდინარე სამართლიან, მშვიდობიან პროტესტს და ამ პროტესტში მონაწილე ადამიანებს, მათ შორის, გაფიცულ სტუდენტებსა და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის დასაცავად“, - წერია განცხადებაში. „დღეს, საქართველო რთულ გზაგასაყარზე იმყოფება, სადაც დემოკრატიული ღირებულებების შენარჩუნება და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ხოლო დასავლური სამყაროსგან იზოლირება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და სახელმწიფოს სტრატეგიული პარტნიორების გარეშე ტოვებს“, - მიიჩნევენ ისინი. „მიგვაჩნია, რომ ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და სტუდენტების, მოვალეობაა, მხარი დავუჭიროთ ქვეყნის განვითარებას იმ ცოდნითა და გამოცდილებით, რომელსაც ვიღებთ საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში. გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი, რამეთუ გვწამს, რომ საქართველოს მომავალი დაკავშირებულია ევროპულ ოჯახთან, რომლის ფუნდამენტიც თავისუფლება, კეთილდღეობა და მშვიდობაა“, - აცხადებენ ხელმომწერები. ისინი საქართველოს ყველა სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს სთხოვენ, „დროულად მიიღონ ის საჭირო დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები, რაც მხარს დაუჭერს ქართველ ხალხს კონსტიტუციური უფლებებისთვის სამართლიან ბრძოლაში“. ასევე ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე განცხადებას ხელს აწერენ სხვადასხვა პერიოდში პროგრამის სტიპენდიანტები: 1. ლადო ჯავახიშვილი, ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2025 წელი 2. ნაია ბეგაშვილი, ჯორჯიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და მონაცემთა ანალიტიკის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი 3. იაკობ დადვანი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის ჯორჯ...