საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციის, „ჩემი ხმის“ დამფუძნებლის, ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიცემული ჩვენებისას დარჩა შთაბეჭდილება, რომ თავად იყო გამომძიებელი და უნდა დაემტკიცებინა, რომ არჩევნები გაყალბდა. ნინო ლომჯარიას გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით სამ საათს გაგრძელდა. როგორც გამოკითხვის შემდეგ, 27 ნოემბერს, მედიასთან საუბარში თქვა ნინო ლომჯარიამ, საგამოძიებო უწყებას გადასცა თავის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება. "ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მე ვარ გამომძიებელი და მთხოვენ დავუმტკიცო, რომ გაყალბდა არჩევნები. ამ დროს პირიქით უნდა იყოს - ისინი არიან გამომძიებლები და მათი ინტერესი უნდა იყოს ყველა გავრცელებულ ინფორმაციაზე დროული რეაგირება. მით უმეტეს, აქვთ შესაბამისი ბერკეტები - თითქმის ყველა უბანზე არსებობდა „ქართული ოცნების“ კამერები, შეუძლიათ ამოიღონ ეს კამერები, შეამოწმონ სიები, კონკრეტულ საჩივრებთან დაკავშირებით გახსნან სიები, ნახონ ვინ შედიოდა, ჰქონდა თუ არა ამ ფაქტებს ადგილი. ეს არის ძალიან მარტივად გადამოწმებადი, სურვილის არსებობის შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ ჩვენ იმაზე მეტი მტკიცებულება წარვადგინეთ, ვიდრე ოდესმე ჰქონია სადამკვირვებლო ორგანიზაციას", - თქვა ნინო ლომჯარიამ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბარში. პროკურორ ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, ნინო ლომჯარიას "არ წარუდგენია ახალი მტკიცებულება, რასაც პირადად შეესწრო". "მოწმემ ნამდვილად წარმოადგინა გარკვეული დოკუმენტები, მაგრამ ეს ძირითადად იყო ის საჩივრები, რომლებიც სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერაა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანილი და შემდეგ გასაჩივრდა სასამართლოში. ასევე, მის მიერ წარმოდგენილი ფოტო-ვიდეომასალა მასობრივ საშუალებებში უკვე გასული სიუჟეტებია, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციის, „ჩემი ხმის“ ვებგვერდზე ასახული ფოტო-ვიდეომასალაა, რომელიც უკვე წარმოადგენდა გამოძიების საგანს. დღევანდელ სხდომაზე მოწმემ თავისი ზოგადი შეფასებები განაცხადა, ის ძირითადად სიუჟეტებიდან და საჩივრებიდან გამომდინარე საუბრობდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველა ამ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, ფოტო-ვიდეომასალას შევამოწმებთ და დავგეგმავთ შემდეგ საგამოძიებო მოქმედებებს. განსხვავებული, რამე ახალი მტკიცებულება, რასაც პირადად ის შეესწრო, არ წარმოუდგენია", - განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ. საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება 30 ოქტომბერს დაიწყო. მას გამოძიების მოთხოვნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიმართა. გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (ხმის მიცემის ფ...