„არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ (ENEMO) აცხადებს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პოლარიზებულ და შეზღუდულ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობასა და სამართლიანობას. ENEMO-მ, რომელიც 95 მოკლე თუ გრძელვადიანი დამკვირვებლის დახმარებით აკვირდებოდა არჩევნებს საქართველოში, 27 ოქტომბერს, 13:00 საათზე წარადგინა პირველადი შეფასებები. ქსელის მისიის ხელმძღვანელმა ზლატკო ვუიოვიჩმა თბილისში განაცხადა, რომ „კრიტიკული დარღვევები“ მოიცავდა რამდენიმე ასპექტს: „ოპოზიციის წარმომადგენლებზე ძალადობას; ამომრჩეველთა დაშინებას; დამკვირვებლების წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიას; ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ფართომასშტაბიან კამპანიას“. „შეზღუდულმა კონკურენციამ მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე და ფაქტობრივად შეამცირა ხელისუფლებისადმი კრიტიკა“, - ამბობს ვუიოვიჩი. „მართალია, საარჩევნო ადმინისტრაცია პროფესიონალურად და ეფექტურად წარმართავდა პროცესს, ENEMO გამოხატავს შეშფოთებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ“, - განაცხადა მან. „დაფიქსირებული ხარვეზების კუმულაციურმა ეფექტმა მნიშვნელოვნად დააზარალა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობის სანდოობა“, - მიიჩნევს იგი. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 54%-ით. ოთხივე მსხვილი ოპოზიციური გაერთიანებიდან არცერთი არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს. ესენი არიან: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებებისთვის“; „ძლიერი საქართველო“; „გახარია საქართველოსთვის“. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 13:30 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ხმები ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - 54,09%; "კოალიცია ცვლილებისთვის" - 10,92%; "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,12%; "ძლიერი საქართველო" - 8,78%; "გახარია - საქართველოსთვის" - 7,76%. ამ ხმებით საპარლამენტო მანდატები ასე ნაწილდება: "ქართული ოცნება“ - 89; „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 18; „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 17; „ძლიერი საქართველო“ - 14; „გახარია საქართველოსთვის“ - 12. ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო. ...